იანვარ-ივლისში „გაზპრომმა“ თავის დარჩენილ ევროპელ მომხმარებლებს მხოლოდ 9.93 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, რაც ევროკავშირში გაზის მიწოდების ბოლო მილსადენით, „თურქული ნაკადით“ განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა „გაზპრომმა“ ევროპაში 18.3 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაყიდა, მოცულობა, თითქმის, განახევრებულია. თუ ეს ტემპი გაგრძელდა, წლის ბოლომდე „გაზპრომი“ ევროპის ქვეყნებში მხოლოდ 17 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზს გაიტანს, რაც 1970-იანი წლების დასაწყისიდან ახალი ანტირეკორდი იქნება.

შედარებისთვის, 1975 წელს სსრკ-ის მიერ ევროპაში ექსპორტირებული გაზის მოცულობა წელიწადში 19.3 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენდა, ხოლო 1980 წელს, გერმანიასთან მსხვილი კონტრაქტის დადების შემდეგ მოცულობა 54.8 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. უკრაინის ომამდელ, პიკურ 2018-19 წლებში „გაზპრომი“ ევროპას წელიწადში 170-180 მლრდ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, ხოლო უკრაინაში სრულმასშტაბაინი შეჭრის შემდეგ, 2023 წელს ეს მოცულობა 28 მილიარდამდე დაეცა. გასულ, 2024 წელს კი მიწოდებამ 32 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან „გაზპრომმა“ უკრაინით ტრანზიტის საშუალებაც დაკარგა. მართალია, „თურქული ნაკადის“ მეშვეობით მიწოდება წლიურად 7%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დაკარგული უკრაინული მილსადენის კომპენსირებისთვის, რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში 140 მლრდ კუბურ მეტრს აჭარბებდა. ამდენად, მსოფლიოში ყველაზე დიდი დადასტურებული რეზერვის მქონე „გაზპრომი“ გაყიდვების შესაძლებლობის გარეშე დარჩა და იძულებულია, წარმოება შეამციროს. „როსსტატის“ მონაცემებით, რუსეთში წლის პირველ ნახევარში გაზის მოპოვება წლიურად 3.2%-ით, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება 5.2%-ით შემცირდა.

ცნობისთვის, გასულ წელს „გაზპრომის“ წარმოებამ 416.19 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, საიდანაც საგარეო და შიდა ბაზრებზე მხოლოდ 355.23 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაიყიდა, ხოლო, დაახლოებით, 60 მილიარდი გაუყიდავი დარჩა. ეს მოცულობა გაზის მწარმოებელი ზოგიერთი ქვეყნის წლიურ წარმოებას უტოლდება, როგორიც, მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელიც წელიწადში 55 მლრდ კუბურ მეტრ გაზს აწარმოებს. ასევე, „გაზპრომის” გაუყიდავი მოცულობა სამჯერ აღემატება პოლონეთის წლიურ მოხმარებას, რომელიც 20 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.

Reuters-ის ცნობით, რუსი ოფიციალური პირები ცდილობენ, ზედმეტ გაზს დანიშნულება მოუძებნონ და რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ეს არის „დატა-ცენტრებისა” და ხელოვნური ინტელექტის სიმძლავრეთა ელექტროსადგურებისთვის გაზის მიწოდება და გაზიდან წარმოებული ელექტროენერგიით ქვანახშირის ინდუსტრიის მხარდაჭერა.

წყარო:bpn.ge