„გუდაურში უკანონო მშენებლობები „ყვავის“ - არც ვიცით, საერთოდ გაიხსნება თუ არა წელს კურორტი“, - ამის შესახებ მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელმა მირანდა ესაკიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ორი დიდი უკანონო მშენებლობა, რომელზეც „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, ამ დროისთვის შეჩერებულია. როგორც ესაკია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, პროექტის განმახორციელებლებმა ნებართვის მიღებაზე ახლა შეიტანეს განცხადება.

ამასთან, მირანდა ესაკია აღნიშნავს, რომ კურორტზე სრული განუკითხაობაა, უკანონო ჯიხურები დღითი დღე ემატება, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კი არაფერი კეთდება. როგორც მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ასეთ პირობებში საერთოდ, გაურკვეველია კურორტი ზამთრის სეზონზე შეძლებს თუ არა ფუნქციონირებას.

„გუდაურში უკანონო მშენებლობები „ყვავის“. არანაირი რეაგირება ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს არ აქვს. მეტიც გონდოლის თავზე, ეს უკანონო ჯიხურები უფრო და უფრო ემატება. ყოველდღიურად ახალი ჯიხური ააქვთ ან აფართოებენ ამ სიმახინჯეს. ის თემა, რომ საბაგიროდან დენს იპარავდნენ, ისევ აქტუალურია. ესენი არიან კერძო პირები, რომლებიც ხსნიან სავაჭრო და კვების ობიექტებს, ჯერ ერთი რომ საშინელი ანტისანიტარიაა და მეორე, არანაირ ეთიკაში არ ჯდება. ოპერირებასაც უკანონოდ ახორციელებენ, სალარო აპარატი მათ არ გააჩნიათ და არანაირი ნებართვა. ამ ამბავში მთავარი მოცემულობა ის არის, რომ სახელმწიფო ასეთ განუკითხაობას და უკანონობას უშვებს.

რაც შეეხება იმ უკანონო ორ დიდ მშენებლობას, დროებით შეჩერებულია, მაგრამ როგორც გავიგეთ, ამ კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროში ახლა შეიტანეს ნებართვაზე განცხადება. მას შემდეგ, რაც შუა ტრასაზე ბეტონი უკვე ჩასხმული აქვთ. ხვდებით ხომ, რა ტრაგიკომედიაა?! სულ რომ ვერ მიიღონ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა, პირველი სათხილამურო ტრასა გადათხრილია, მიწა ყრია, იქ ვერ ისრიალებ.

ამაზე ცუდი ის არის რომ, მთის კურორტების პასუხისმგებელ პირებს გადადგომის განცხადება აქვთ დაწერილი. ეს ინფორმაცია თავად შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ დაგვიდასტურეს. 2 თვეა დარჩენილი სეზონის გახსნამდე და ასეთ მოკლე დროში ვინ უნდა მოვიდეს ისეთი, რომ ეს აბურდული სიტუაცია დაალაგოს?! მაგალითად ირაკლი ბურჭულაძეს, ვინც ამდენი ხანი იყო მმართველობაში, მთელი წელი ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განუხორციელებია, არც საბაგირო გაუტესტია, არც თოვლის მანქანა, აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია. ამ დროს უამრავი საქმეა გასაკეთებელი. ძალიან დიდი გაუგებრობის წინაშე ვდგავართ“, - ამბობს მირანდა ესაკია.

მისივე ინფორმაციით, მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციამ ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა წერილით, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

„წერილობითაც მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, მთის კურორტების კომპანიას, რომ თუ შეიძლება სამუშაო შეხვედრა ჩაინიშნოს, რადგან შეძლება ზამთრის კურორტები საერთოდ არ გაიხსნას, რასაც ძალიან განვიცდით. ჩვენ ვთავაზობთ ჩართულობას, ვეუბნები, რომ მაქსიმალურად დაგეხმარებით, მაგრამ კონტაქტზე არავინ გამოდის. ჩვენი ასოციაციის ყველა წევრი თვლის, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია და ჩვენი ნდობა ეს არის თაზო გამცემლიძე. მხოლოდ მას შეუძლია 2 თვეში ეს ქაოსი დაალაგოს. რამდენჯერმე მივმართეთ მარიამ ქვრივიშვილს, რომ სანამ რამეს გადაწყვეტენ, სწორედ ეს ადამიანი დაგვინიშნონ ხელმძღვანელად, სხვანაირად საბაგიროც კი ვერ ჩაირთვება“, - ამბობს მირანდა ესაკია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ბიზნესპრესნიუსი" შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასაც“ დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ოფიციალური წერილი ბიზნეს ასოციაციას უკვე გაეგზავნა და შეხვედრაც უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.

Bpn.ge