"ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში კადრების და სხვადასხვა ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად 371 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კი აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება და ახალი ხედვა სულ მალე გახდება ცნობილი. რამდენიმე დღის წინ მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს უკვე დაჰპირდა რომ კადრების და ხარჯების ოპტიმიზაციით დაზოგილი ასეულობით მილიონი კვლავ სექტორში დაიხარჯება.

როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, სამინისტროს ახალ გუნდში მიაჩნიათ, რომ ამ თანხების მიმართვა თავისუფლად შეიძლებოდა მსხვილი მარეგულირებელი ჰესების მშენებლობაზე, რომელიც წლების განმავლობაში ვერ აშენდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე აცხადებს, რომ თუ ინვესტორი უახლოეს პერიოდში არ გამოჩნდება, ამ ჰესების მშენებლობას თავის თავზე სავარაუდოდ სახელმწიფო აიღებს.

“მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანხები ეფექტიანად დაიზოგა. ანუ მას შემდეგ, რაც ახალი გუნდი მოვიდა თანხები, რომელიც სახელმწიფოს გადმოსახედიდან იფლანგებოდა მისი ეკონომია ანუ დაზოგვა განხორციელდა. აქ არის რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე საუბარი და ხაზგასმით აღინიშნა, რომ სწორი იქნებოდა ამ თანხების მიმართვა მარეგულირებელი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისკენ, ვიდრე ვთქვათ მომხდარიყო ის, რა პრაქტიკაც არსებობდა.

ძალიან კარგია, რომ ჩვენ გვყავდეს ინვესტორი. ვფიქრობ და არ გამოვრიცხავ, რომ გამოჩნდეს ამ ტიპის ინვესტორი ამ მოცემულობაში,თუ ვერ განხორციელდა ეს შემდეგი ერთი-ორი თვის განმავლობაში, აუცილებლად მაღალი ალბათობით დღის წესრიგში დადგება ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გადასახადის გადამხდელების ფულით, აშენდეს ის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც მოემსახურება ამ ქვეყანას.

წელს პირველად ჩვენ და გასაკვირად მოხდა ის, რომ აგვისტოს თვეში ვიყავით იმპორტდამოკიდებული ქვეყანა და იმპორტდამოკიდებულება ნიშნავს ძალიან სერიოზული თანხის გადინებას ქვეყნიდან და ეს არის უცხოურ ვალუტაში გადინებული თანხა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა გაღარიბდება, თუ ჩვენ ამ გზით გავაგრძელეთ სვლა,”- ამბობს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.

bm.ge