Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, ილონ მასკმა, რომელიც 10 სექტემბრამდე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ზედიზედ 300 დღის განმავლობაში ფლობდა, 1-დღიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის ლიდერობა დაიბრუნა.

10 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც Oracle Corporation-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, კომპანიის 41%-იანი წილის მფლობელ ლარი ელისონის კაპიტალმა 393 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა და მის ბიზნეს კარიერაში პირველად მოხდა, როცა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ერთ დღეში 81 წლის ანტერპრენერის ქონება 101 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის ისტორიაში ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა.

11 სექტემბრის მონაცემებით, ელისონის ქონება ერთ დღეში 10 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა და 383 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მასკის წმინდა კაპიტალზე 1 მლრდ აშშ დოლარით ნაკლებია.

გამოცემა Businessinsider-ი ასახელებს 3 მთავარ მიზეზს, რის გამოც ელისონი მასკს წამოეწია.

  • Oracle-ის აქციების უზარმაზარი ზრდა - კომპანიის აქციები ერთ დღეში 35-40%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად მოლოდინებითა და ძლიერი ზრდის დადასტურებით იყო გამოწვეული, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მოთხოვნის კუთხით;
  • მასშტაბური გარიგებები, განსაკუთრებით OpenAI-სთან - როგორც ამბობენ, Oracle-მა OpenAI-სთან, პროექტი Stargate-ისთვის, დაახლოებით 300 მლრდ აშშ დოლარის გარიგება დადო, რამაც ინვესტორების ოპტიმიზმი გაზარდა;
  • საკონტრაქტო ვალდებულებების გასაჯაროვება - კომპანიამ მომავალი საკონტრაქტო ვალდებულებების დიდი ნაწილი გაამჟღავნა, რამაც ინვესტორების ნდობის ზრდა განაპირობა.

ასევე, Oracle-ის აქციები წლიურად უკვე 45%-ით გაიზარდა, ხოლო კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ბირჟის გარევაჭრობაზე ისინი კიდევ 26%-ით გაძვირდა. ეს 1999 წლის შემდეგ კომპანიის აქციების ფასის ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა.

ლარი ელისონი Oracle-ის აქციების 41%-ს ფლობს, შესაბამისად, კომპანიის წარმატება მის წმინდა კაპიტალზე მნიშვნელოვნად აისახება.

bpn.ge