დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის ხაზის მშენებლობის ტენდერი მიმდინარე ერთი კვირის განმავლობაში გამოცხადდება - ამის შესახებ BM.GE-თან თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტენდერის გამოცხადება სამართლებრივმა პროცედურებმა განაპირობა. ტყემალაძე აცხადებს, რომ ბაზრის კვლევის მიხედვით, პროექტის ღირებულება 110 მილიონი ევროა, რომელიც შესაძლოა დაკორექტირდეს.
“ტრამვაის ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა პროცედურა არის გავლილი. თქვენ იცით, რომ ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით არის გარკვეული სამართლებრივ ვალდებულებები, რომელიც რეგიონალურ სამინისტროში არის გასავლელი. ჩვენ უკვე დიდი იმედი გვაქვს, რომ კვირის ბოლოს ვიქნებით მზად იმისთვის, რომ ტენდერი უკვე გამოვაცხადოთ. ყოველ შემთხვევაში შემდეგ კვირაში ეს აუცილებლად მოხდება.
ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ დაახლოებით პროექტის ღირებულება 110 მილიონ ევროა ვაგონების ჩათვლით. ეს თანხა, რა თქმა უნდა, შეიძლება დაკორექტირდეს, თუმცა ბაზრის კვლევის შედეგად, ეს არის ის თანხა, რაც გამოვლინდა", - განაცხადა ტყემალაძემ.
როგორც ცნობილია, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. 7.5-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში ბაზრის მოკვლევა გამოცხადდა. პროექტის თანახმად, ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს.