რუსეთი დაეხმარება თალიბებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ მოსკოვისა და ქაბულის საერთო მტერი უწოდა.

„ვხედავთ და ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელსაც თალიბები მიმართავენ „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფრთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს დაჯგუფება რუსეთისა და ავღანეთისთვის საერთო მტერია და ჩვენ ყველა შესაძლო დახმარებას გავუწევთ ამ ქვეყნის ხელისუფლებას პროფილური სტრუქტურების ხაზებით“, – აღნიშნა კაბულოვმა.

ცნობისთვის, მაისის შუა რიცხვებში ყაზანის ფორუმის ფარგლებში რუსეთი და ავღანეთი განიხილავენ წიაღისეულის მოპოვების კუთხით თანამშრომლობასა და ავღანეთის ტერიტორიის გავლით ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში ენერგორესურსების ტრანზიტის პერსპექტივას.

წყარო: 1 არხი