3 ივნისს, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეს დროებითი ბინადრობის ნებართვა რუსეთსა და ბელარუსში არაერთგზის მოგზაურობის გამო გაუუქმა, რადგან ამით მან მაისში ძალაში შესული ახალი შეზღუდვები დაარღვია.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პირმა ბინადრობის სტატუსი დაკარგა კანონის საფუძველზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ამ ქვეყნებში სამ თვეში ერთზე მეტჯერ გამგზავრებას უკრძალავს. ამჟამად ოცდაათი სხვა მსგავსი საქმის გამოძიება მიმდინარეობს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილია რუსეთის 34 მოქალაქე, რომლებმაც, სავარაუდოდ, დაარღვიეს ახალი წესი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განგრძობადი აგრესიის საპასუხოდ შემოიღეს.
კანონი ლიეტუვის ხელისუფლებას უფლებას აძლევს, გააუქმოს რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვები, თუ ისინი რუსეთში ან ბელარუსში სამი თვის განმავლობაში ერთზე მეტჯერ გადავიდნენ.
მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაიწყო პროცედურები რუსეთის კიდევ 30 მოქალაქისთვის ნებართვების გასაუქმებლად. ხელისუფლება მათ დოკუმენტაციას ამოწმებს და შესაბამისი პირებისგან განმარტებებს ელოდება.
სამოგზაურო აკრძალვის გამონაკლისები ვრცელდება სატრანსპორტო მუშაკებზე, მათ შორის, იმ კომპანიების სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟებზე, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო სატვირთო ან სამგზავრო რეისებს ევროკავშირის ან უკუმიმართულებით, ან ლიეტუვაში ტრანზიტს. ამ პირებს უნდა შეეძლოთ სათანადო დამადასტურებელი საბუთის, მაგალითად, სამუშაო ცნობის წარდგენა.
მიგრაციის დეპარტამენტის განმარტებით, ამჟამად განხილვის ქვეშ მყოფი პირები ამ გამონაკლისს ვერ აკმაყოფილებენ.
მხოლოდ მაისში, ლიეტუვის საზღვრები რუსეთში ან ბელარუსში რუსეთის 292-მა მოქალაქემ გადაკვეთა ერთზე მეტჯერ. თუმცა, მათი უმეტესობა კანონიერად დაშვებულ გამონაკლისებს ექვემდებარება.
ლიეტუვის პარლამენტმა ასეთი შეზღუდვა სადაზვერვო სააგენტოების გაფრთხილების შემდეგ დააწესა, რომლის თანახმად, რუსეთში ან ბელარუსში მიმავალი პირები, შესაძლოა, მტრული სადაზვერვო სამსახურების მხრიდან გადაბირების მცდელობის მსხვერპლი გახდნენ.
წყარო: 1არხი