ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, H-1B-ტიპის სამუშაო ვიზისათვის კომპანიებს ყოველწლიურად $100,000-ის გადახდას მოსთხოვენ. გადაწყვეტილების მიზანი კომპანიებისათვის ადგილობრივი სამუშაო ძალის დაქირავებისთვის ბიძგის მიცემაა. ტრამპის გადაწყვეტილება განსაკუთრებით დიდ გავლენას იქონიებს ტექნოლოგიურ სექტორზე, რომელიც უცხოურ მუშახელზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

კერძოდ, ამერიკული H-1B-ტიპის სამუშაო ვიზის ბენეფიციარების 70%-ზე მეტი ინდოეთიდანაა. აღნიშნული ტიპის ვიზებს დიდი რაოდენობით ფლობენ ჩინელი დასაქმებულებიც. H-1B-ტიპის სამუშაო ვიზის ყოველწლიური მოსაკრებელი ამ დრომდე $1500-ს შეადგენდა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება პრეზიდენტის ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია. მოგეხსენებათ, ტრამპმა მეორე ვადით გაპრეზიდენტებიდან მალევე არალეგალურ მიგრაციას ომი გამოუცხადა. თუმცა გაცხადებულია ისიც, რომ მოხდებოდა ლეგალური მიგრაციის შეზღუდვებიც. H-1B-ტიპის ვიზაზე გადასახადის გაზრდა სწორედ კანონიერი მიგრაციის შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმაა.

„თუკი უნდა დაიქირავო და გადაამზადო ვინმე, დაიქირავე და გადაამზადე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო უნივერსტიტეტების კურსდამთავრებულები. მოამზადეთ ამერიკელები. შეწყვიტეთ სხვა ხალხის ჩამოყვანა ჩვენი სამსახურების დასაკავებლად“, – განაცხადა აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსხვილმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, Microsoft-მა, Amazon-მა და JPMorgan-მა საკუთარ თანამშრომლებს, რომლებიც აღნიშნული ტიპის სამუშაო ვიზას ფლობენ, აშშ-ში დარჩენისაკენ მოუწოდა. გარდა ამისა, იმ თანამშრომლებს, რომლებიც H-1B-ტიპის ვიზას ფლობენ და ამჟამად აშშ-ის გარეთ იმყოფებიან, დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსთხოვეს, რათა ახალი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედებამდე კონსულტაციები გაიარონ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დამსაქმებლებს ყოველწლიურად 65,000 ერთეული H-1B-ტიპის სამუშაო ვიზას სთავაზობს. აღნიშნული ვიზის მოსაკრებელს დამსაქმებელი იხდის და ის 3-6 წლის ვადით გაიცემა.

forbes.ge