დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის #200-ის მიმდებარედ, მასშტაბური არქიტექტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. პროექტის ინვესტორია "ქეფითალ სითი გრუფ ინვესთი", რომელიც 2022 წლის ნოემბერში დაფუძნებული კომპანიაა, მისი 50%-ის აქციონერია "აგროჰაბის" დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანი. პროექტი ამჟამად განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმების ეტაპზეა.
პროექტი გულისხმობს მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნას, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე, სასტუმრო, სავაჭრო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო სივრცეებს აერთიანებს
პროექტი მოიცავს ოთხი ბლოკისგან (A, B, C და D) შემდგარ მასშტაბურ კომპლექსს, რომლის სართულიანობა 1-დან 35 სართულამდე მერყეობს. მაქსიმალური სიმაღლე 120 მეტრია. კომპლექსი დაპროექტებულია ისე, რომ განსაკუთრებული ურბანული აქცენტი შექმნას დიდი დიღომის სატრანსპორტო კვანძთან და იქცეს არეალის ერთ-ერთ მთავარ ქალაქგეგმარებით ორიენტირად.
მშენებლობისას გათვალისწინებულია თანამედროვე სატრანსპორტო კავშირები: მიწისქვეშა -2 და -1 დონეზე ავტოსადგომები და გამართული მიმოსვლის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსპორტის თანაბარ განაწილებას და საცობების თავიდან აცილებას. მთლიანობაში, კომპლექსში განთავსდება 1755 დახურული ავტოსადგომი.
ფუნქციური ზონირების მიხედვით, პროექტში საცხოვრებელი ფართობი 82–85%-ს შეადგენს, ხოლო კომერციული და საზოგადოებრივი სივრცეები – 15–18%-ს.