თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში მდებარე მეღვინეობა "რტონის" დამფუძნებლის, გიორგი სხირტლაძის ინფორმაციით, მცირე ფერმერები (მეღვინეები) ხარისხიანი ყურძნის მოყვანის შემთხვევაში გადარჩებიან.

როგორც ტურისტული სივრცის მფლობელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ბიო მევენახეობის განვითარება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯანსაღ პროდუქციას საკუთარი მომხმარებელი ჰყავს. 

"ჩვენ ბიო მევენახეობა გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით, სერტიფიცირებული არ ვართ. აღნიშნული მიმართულება, ზოგადად, განსხვავებულ, ჯანსაღ პროდუქტს ქმნის და რა თქმა უნდა, თავისი მომხმარებელი ჰყავს. თავად მეღვინის გადასაწყვეტია, რა მიმართულებით წავა და როგორ იმუშავებს, თუმცა ინდუსტრიული და სტანდარტული პროდუქტისგან ბიო ყურძენი, ღვინო რადიკალურად განსხვავდება. 

ჩემი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი პროდუქცია გვქონდეს და შხამქიმიკატები არ გამოვიყენოთ. ბევრი მარანია, რომელიც ინდუსტრიულია და აღნიშნულ მიმართულებას არ მიჰყვება, რადგან ბიო მევენახეობის დროს, მოსავალი მაღალი არ არის. მოკლედ, კომპლექსური საკითხია და გააჩნია მეღვინე ორიენტირებული რაზეა.

ამასთან, ბიო პროდუქტს გაცილებით დიდი ცოდნა და მუშაობა სჭირდება, თუმცა შედეგი ჯანსაღი პროდუქციაა. მარტივად, რომ ვთქვათ - პროდუქცია ნაკლებია, ხარისხი და ფასი კი მაღალი. მეღვინე თუ შეძლებს, რაოდენობა და ხარისხი შეინარჩუნოს მაღალშემოსავლიანი საქმეა", - აღნიშნავს მევენახე.

გიორგი სხირტლაძე უშუალოდ ტურისტების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. გიორგი სხირტლაძის ინფორმაციით, დადებითი დინამიკა, პირველ რიგში, სტაბილურ გარემოს და კმაყოფილ სტუმრებს უკავშირდება.

ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი წარმადობის საკითხსაც მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ კომპანია წელიწადში 20 000 ბოთლი ღვინის რეალიზაციას ახდენს.

"ვენახი 4 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული, ზოგჯერ ყურძენს ადგილობრივი ფერმერებისგანაც ვიძენთ. ჯამში 8 ტიპის ღვინო გვაქვს: "ქისი", "ხიხვი", "კახური მწვანე", "საფერავი" და ა.შ. წარმოდგენილი ადგილობრივ ღვინის მაღაზიებში ვართ, მაგალითად, 8 000 მოსავალში, გუდვილში. ერთი ბოთლის ფასის დიაპაზონი 23-დან 45 ლარამდე მერყეობს. ამასთან,  ლოკალური ბაზრის გაფართოებაზე აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა ამჟამად, დამატებითი დეტალების თქმა გამიჭირდება.

მარანში ვიზიტორებს აქტიურად ვიღებთ და სადეგუსტაციო ტურები გვაქვს. განსაკუთრებით უცხოელები აქტიურობენ 70%-ი სწორედ ამ სეგმენტს უჭირავს, დანარჩენი ნაწილი კი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის. უცხოეთიდან ევროპიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გვსტუმრობენ. აზიელ ტურისტებს, რაც შეეხება საუბარი გამიჭირდება, რადგან "რტონში" ჯერჯერობით, აზიელი ვიზიტორები არ გვყოლია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. გასული წლები უფრო სტრესული იყო, გარემო პირობები სახარბიელო არ გახლდათ, ამასთან, სოციალურ ქსელში აქტიური მარკეტინგული ჩართულობა, მომხმარებლების რაოდენობის ზრდის ტემპზე პოზიტიურად მოქმედებს. დრო გადის და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება", - აღნიშნავს მეღვინე.

გიორგი სხირტლაძე საექსპორტო ბაზრის მიმართულებითაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ამჟამად, ღვინის რეალიზაცია დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ჩეხეთში, ესპანეთში ხდება.

"მთლიანი გაყიდვების საექსპორტო წილი წელიწადში 30%-ია. ამ ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებით გაფართოებას არ ვგეგმავთ", - აცხადებს მეღვინე.

ცნობისთვის, მეღვინეობა "რტონი", რომელიც თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში მდებარეობს, ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. 

წყარო: ბიზნესპარტნიორი