საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის OPM პროგრამის 100-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლა და მათ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები და ბიზნესის განვითარების ტენდენციები გააცნო. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობას და პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე უფრო ფართო ხედვის შექმნას.
ღონისძიების ფარგლებში, მოხდა BAG ინდექსის პრეზენტაცია, რომელიც ასახავს კერძო სექტორის ეკონომიკურ განწყობებსა და მოლოდინებს. ასევე, სტუმრებს წარედგინათ „გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებული ეკონომიკური მიმოხილვაც, სადაც დეტალურად განიხილეს მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ზრდის პოტენციალი და ქვეყნის წამყვანი ეკონომიკური სექტორების პერსპექტივები.
ღონისძიება დასრულდა კითხვა–პასუხის სესიით, სადაც ჰარვარდის სტუდენტებმა ადგილობრივი ბიზნეს-კლიმატის, რეგულაციებისა და პერსპექტიული სექტორების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.
„საქართველოს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან 100-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის მფლობელი და პრეზიდენტი სტუმრობდა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ინვესტორებისთვის ღია და პერსპექტიული ქვეყნის პოზიციონირებისათვის. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი პრეზენტაციები პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის რეპუტაციასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენ ვაგრძელებთ კერძო სექტორის ინტერესების დაცვას და ქვეყნის ეკონომიკური გარემოს წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე,“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.